სანდუმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანაში რუსეთის საინფორმაციო და ანალიტიკურ გადაცემებს კრძალავს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა საინფორმაციო სივრცის დაცვის შესახებ კანონს, რომელიც ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების, ასევე, ომის შესახებ ფილმების გადაცემას კრძალავს.

კანონი ძალაში მომავალი კვირიდან შევა.

პარლამენტში კენჭისყრისას კანონს მხარი 101-დან 54-მა დეპუტატმა დაუჭირა - ყველა მათგანი მმართველი პარტიიდან (PDS) იყო. ოპოზიციაში კანონი მწვავედ გააკრიტიკეს. 2017 წელს მოლდოვის პარლამენტმა უკვე მიიღო ცვლილებები სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის კოდექსში, რითაც ფაქტობრივად აკრძალა რუსული პროპაგანდისტული ახალი ამბები.


იგორ დოდონმა, რომელიც მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, უარი თქვა კანონის გამოქვეყნებაზე და მას "ანტიდემოკრატიული" უწოდა, დოკუმენტი კი, პარლამენტს დაუბრუნა. მეორე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კანონი ისევ იმავე ფორმულირებით, პრეზიდენტის აზრის გაუთვალისწინებლად მიიღეს. დოდონმა კვლავ უარყო კანონი, თუმცა ვალდებული იყო გამოექვეყნებინა მეორე წარდგენის შემდეგ. შედეგად, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დოდონი დროებით გადააყენა თანამდებობიდან და პრეზიდენტის უფლებამოსილება გადასცა პარლამენტის თავმჯდომარეს ანდრიან კანდუს, რომელმაც ხელი მოაწერა ცვლილებებს. 2020 წელს კანონი გაუქმდა დოდონის მხარდაჭერილი სოციალისტების პარტიის ინიციატივით.

2020 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დოდონი პროდასავლელმა ოპოზიციონერმა მაია სანდუმ დაამარცხა. ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს.