უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ მომავალი კვირა უკრაინისთვის ისტორიულია, რადგან ევროკავშირმა უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„ხვალ, ისტორიული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა იწყება, 1991 წლის შემდეგ. ჩვენ მოვისმენთ პასუხს ევროკავშირისგან უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ასეთ კვირაში უნდა ველოდოთ მტრის, რუსეთის გააქტიურებას, რომელიც იქნება განზრახ - საჩვენებლად და მიმართული არამარტო უკრაინის, არამედ ევროპის წინააღმდეგაც“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 16 ივნისს გამოცხადებული გადაწყვეტიულებით, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. ევროკავშირის ლიდერები საკითხს მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველად შეფასებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.