ევროკავშირი სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას ავანსად აძლევს. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია და მოლდოვისთვის, რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამავდროულად, მათაც მოსთხოვეს მთელი რიგი რეფორმების გატარება. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის და მოლდოვის არ შურს.
- ევროკომისიის რეკომენდაცია:უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე
- ირაკლი ღარიბაშვილი: არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს
„უკრაინასა და მოლდოვას, რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვისთვის, რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამავდროულად, მათაც მოსთხოვეს მთელი რიგი რეფორმების გატარება. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა. ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა დადებული პირობა, განვახორციელოთ რეფორმები და ამის შემდეგ საქართველოს მიენიჭება სტატუსი. უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ტერიტორიების 20% უკვე დაკარგა და ომი კიდევ გრძელდება. მოლდოვა კი უკრაინიდან დევნილთა დიდ ნაკადებს იღებს და ქვეყანაში უსაფრთხოების რისკების გაზრდილია.
გახსოვთ, რომ წინა კვირას საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას აძლევენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ის ომშია. ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპელი ლიდერები საჯაროდ ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა ომშია და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის. მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს, მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.