გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წევრს და მის მეუღლეს სამი ბინა ჩამოართვა. CNN მიუნხენის პროკურორის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ამ ქალაქში, დუმის წარმომადგენლისა და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული ბინები, სანქცირებულებს საბანკო ანგარიშებთან ერთად ჩამოართვეს.
ეს იყო პირველი შემთხვევა გერმანიაში, როდესაც სანქცირებულ პირს კუთვნილი აქტივები არამარტო გაუყინეს, არამედ ჩამოართვეს. პროკურორის თქმით, სათათბიროს წევრს ევროკავშირმა სანქციები 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ერთი დღით ადრე, აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ პუტინის გადაწყვეტილების მხარდაჭერის გამო დაუწესა.
ორი ბინა ეკუთვნოდა როგორც სათათბიროს წევრს, ასევე, მის მეუღლეს, ხოლო კიდევ ერთი ბინა მხოლოდ მისი მეუღლის სახელზე იყო. მიუნხენის პროკურორის განცხადებით, სანქცირებულია როგორც სახლმწიფო სათათბიროს წევრი, ასევე, მისი მეუღლე.
იმავდროულად, სათათბიროს წევრის და მისი მეუღლის წინააღმდეგ, გერმანიის ხელისუფლება სანქციების დარღვევის საქმეზე დამატებით გამოძიებას აწარმოებს.