თბილისში, პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია იწყება

თბილისში, პარლამენტის წინ, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი აქცია - „შინ ევროპისკენ“ იწყება. აქციაზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები. ასევე მივლენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

  •  აქციის სლოგანია: “წინ ევროპისკენ”, “შინ ევროპისკენ”.

მოძრაობა “სირცხვილია” ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები მიმართავენ. კერძოდ:რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა.

საქართველოს პარლამენტთან უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტისთვის გზა გადაკეტილია.  

თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.


შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.