საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს მიესალმა და მობილიზაციისკენ მოუწოდა, რომ ევროკავშირმა თბილისიდან ნათელი გზავნილი მიიღოს.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო თავისი ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.
„მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეულმა ევროპულმა ქვეყანამ. იშვიათად თუ არის ერის ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი მომენტები და იშვიათად თუ იცი წინასწარ, რომ ეს დღეები იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვართ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ისტორიისა და ალბათ, ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. მე ჩემი მხრიდან ყველაფერს ვცდილობ, ეს დღეები გამოვიყენოთ ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად. ამდენად, როგორც მე გასულ კვირასაც მოგახსენეთ, ყველა ჩემს კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე; ჩვენი ბოლო არგუმენტები წარვადგინო, ასევე, ჩვენ ჩავწერეთ უკვე და გავუშვებთ Twitter-ზე ჩემს მიმართვებს ჩვენს კოლეგებთან, რომ ამ ფორმითაც მივმართო მათ.
ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კვირა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, მოგვანიჭოს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან დიდი რამ არის და ალბათ, ამაზე არც ვიოცნებებდით ცოტა ხნის წინ. ჯერჯერობით, კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებენ, მაგრამ გვაძლევენ ამის იმედს, თუკი ჩვენ იმ რეფორმებს და ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც ჩვენ გვევალება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისში, პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ იწყება.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.