ბექა დავითულიანი: აქციაზე “ოცნების” ამომრჩევლებიც იყვნენ

„ქართული ოცნების” წევრის ბექა დავითულიანის თქმით, 20 ივნისს ევროკავშირის მხარდამჭერ მრავალათასიან აქციაზე მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც იყვნენ. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავითულიანის თქმით, აქციის ორგანიზატორები – მოძრაობა „სირცხვილია”, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული.

„მოსახლეობის 80% ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეა და რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გასულები სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც “ქართული ოცნების” ამომრჩევლები არიან იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებს, რა თქმა უნდა, იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ადამიანები.

თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური, ისინიც და ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების და აქციის. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ, იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული ადამიანები, ორგანიზატორებს ვგულისხმობ”, – განაცხადა დავითულიანმა.

თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.