პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი კაჩინსკი მთავრობას ტოვებს

პოლონეთის მმართველი პარტიის კანონი და სამართლიანობა (PiS) ლიდერი და ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი თანამდებობიდან გადადგა იტყობინება საინფორმაციო სააგენტო PAP.

„მე უკვე მივმართე პრემიერს და ჩემი თხოვნა დაკმაყოფილდა. როგორც ვიცი, პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი“, - განაცხადა კაჩინსკიმ.

კაჩინსკიმ, რომელიც ასევე იყო მთავრობის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ მას ეროვნული თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი შეცვლის.

კაჩინსკიმ განაცხადა, რომ სურდა, სამთავრობო ფუნქციებს ჩამოშორებოდა, რათა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის მზადებაზე გაემახვილებინა ყურადღება.

„გადავწყვიტე, რომ კონცენტრირება მჭირდება პოლონეთის მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე. პარტიამ უნდა აღიდგინოს ძალა, რადგან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დროა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მსოფლიოში“, - განუცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ PAP-ს.

იაროსლავ კაჩინსკი პრემიერ მინისტრი იყო 2006-2007 წლებში. მისი ტყუპი ძმა, ლეხ კაჩინსკი 2005 წლიდან 2010 წლამდე იყო პოლონეთის პრეზიდენტი. ის და მისი მეუღლე 2010 წელს, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.