საქართველოში ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესს, აქციაზე „შინ ევროპისკენ“ წარმოდგენილი ადამიანების რაოდენობაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
„პირდაპირ ვიტყვი, აღნიშნული აქცია არ ასახავს რეალობას. ევროპასა და ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია. 2012 წლიდან ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადავდგით. თუმცა, სამუშაო ბევრია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუნდაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებული დათქმები შესრულდეს. ამისთვის ხელისუფლება მზად არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის გარდა, 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერები ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისშიც შეიკრიბნენ. მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.