ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, თბილისში გამართულ აქცია შეაფასა და Twitter-ზე ვიდეომიმართვაც ატვირთა. კრამონმა განაცხადა, რომ „საქართველო ევროპაა, რადგან მისი ხალხი ამბობს ასე“.
„ეს არის ერი ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლით. ამას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და სხვა ქვეყანა ვერ შეცვლის. ევროკავშირის კარი ფართოდ ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხს გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი“, - აღნიშნავს კრამონი Twitter-ზე განთავსებულ ტექსტში.
20 ივნისს, თბილისში ხალხმრავალი აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მანამდე, წაიკითხეს მანიფესტი და 24 ივნისისთვის კვლავ შეკრება დაგეგმეს. შეკრებილებს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც.
აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნიის მიიღებს.