გერმანიამ უკრაინას უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში თვითმავალი საარტილერიო დანაყოფების (Panzerhaubitze 2000) პირველი პარტია გადასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Facebook-ზე გაავრცელა.
„გავძლიერდით! პირველი გერმანული Panzerhaubitze2000 გაწვრთნილი უკრაინელი ეკიპაჟებით შეუერთდა უკრაინული არტილერიის ოჯახს“, - წერს რეზნიკოვი.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის მე-6 ტიპის 155 მმ-იანი არტილერია, რომელიც უკრაინის თავდაცვას გააძლიერებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ებრძვიან რუსეთის ჯარებს შემდეგი ტიპის არტილერიით: M777, FH70, M109, AHS Krab და Caesar. "ამიერიდან Ph2000 შეუერთდა კლუბს", - დაამატა რეზნიკოვმა.
Panzerhaubitze 2000 (PzH 2000) - გერმანული თვითმავალი საარტილერიო ინსტალაცია. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში, მიუნხენის Krauss-Maffei Wegmann-მა შექმნა.
ეს არის დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო საარტილერიო დანადგარი. PzH 2000-ს შეუძლია სამიზნეებზე დარტყმა 30 კმ-ზე მეტ მანძილზე სტანდარტული ჭურვებით.