გერმანია უკრაინაში თვითმავალ ჰაუბიცებს უახლოეს კვირებში გაგზავნის. ასევე მოსალოდნელია საარტილერიო და MLRS მარაგების მიწოდება. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში ანკა ფელდჰუსენმა განაცხადა.
„ჰაუბიცების გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ HIMARS სისტემებსაც. HIMARS ახლა თავსდება ევროპაში და უკრაინელი სამხედროები სწავლობენ მათ გამოყენებას", - განაცხადა გერმანიის ელჩმა.
მისი თქმით, ოქტომბერში, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიერ გამოცხადებული თანამედროვე ანტიბალისტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაც იგეგმება.
როგორც ცნობილია, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, იტალიის პრემიერ მინისტრთან მარიო დრაგისთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთად, 16 ივნისს ეწვია უკრაინას. განსახილველ თემებს შორის იყო გლობალური სასურსათო უსაფრთხოება, ევროინტეგრაცია და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
ჰაუბიცა - (გერმანული haubitze, მისი პირველადი დანიშნულება - ქვის სატყორცნი ქვემეხი), საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა. ჰაუბიცა შედის საბრძოლო არტილერიის ჯგუფში, მისი კალიბრი 100 მმ და მეტია, აქვს შედარებით მოკლე ლულა (15--30 კალიბრი), ცვალებადი ჭურვები, სროლის საკმაოდ მაღალი სიჩქარე - 0,5-1-დან 6 გასროლამდე წუთში (კალიბრიდან გამომდინარე), სროლის მანძილი 17 კმ. თანამედროვე ჰაუბიცა არის თვითმავალი, ხოლო მოძველებულ მოდელს აქვს მექანიკური ბუქსირი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.