ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ არავის გახსენებია არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა - პრემიერი

„მინდა გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მთელი რიგი დათქმებით, რაც გულდასაწყვეტი...აქვე მინდა გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია. 

ჩვენ რეკორდული რაოდენობა ჯარისკაცებისა გავაგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოდგენილი. აქ იმყოფება გენერალი ჩაჩიბაია, 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, NATO-ში ინტეგრაციის, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო არის უმძიმესად დაჭრილი და ამ ყველაფერის მიუხედავად, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო? პირდაპირ, საჯაროდ თქვეს, პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში.

ჩვენს მოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ კარგად გვესმის, ემოციურად ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, არის გულდასაწყვეტი და ყველა ადამიანს, ყველა ნორმალურ მოქალაქეს, ვისაც აქვს ამ ევროპული იდეის მიმართ მხარდაჭერა, გულში ყველას აქვს გულისწყვეტა, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ ამ პროცესს ძალიან მშვიდად.

ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც არის ისტორიული ჩანაწერი, დაკანონდება ევროპული საბჭოს მხრიდან. ასევე მინდა ვთქვა, რომ მთავრობა მზადაა, გააგრძელოს ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ჩვენი ხალხისთვის. რეფორმების დიდი ნაწილი ასოცირების დღის წესრიგში ისედაც იყო ჩადებული, რაც სულ რაღაც ერთი თვის წინ შევათანხმეთ ბრიუსელთან და ეს კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ჩემთვის, რატომ იყო საჭირო ამ დათქმების ჩაწერა და სტატუსის შემდეგ მონიჭება. ამ ყველაფრის მიუხედავად, პროცესი უნდა ვმართოთ მშვიდად და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


„უკრაინას და მოლდოვას აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმად და მოტივატორად, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან, რომ შეასრულონ დათქმები, საქართველოს შემთხვევაში კი ეს პირიქითაა, რაც გულდასაწყვეტია.  

ნახეს, იმედი მაქვს ევროპელმა ლიდერებმა და ჩვენმა მედიამ, მთელმა საქართველომ, როგორი სურვილი აქვს ჩვენს ოპონენტებს პოლარიზაციის დასრულების. რომ შემოსვლის დღიდან, ამხელა სკანდალის მოწყობა მოინდომეს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ დათქმების მიხედვით, ესაა ჩვეულებრივი პრაქტიკა, ევროკომისიას მსგავსი, ანალოგიური მიდგომები გამოუყენებია სხვა, მათ შორის დღეს უკვე არსებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, არა ერთი მაგალითი ვიცით, მათ შორის, ლიეტუვაც და უამრავი, ძალიან ბევრი სახელმწიფოა რომელთა მიმართაც გამოიყენეს დათქმები. ერთი განსხვავებაა - უკრაინას და მოლდოვას ჯერ აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმად და მოტივატორად, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან - იმ დათქმით, რომ თქვენ ეს ყველაფერი უნდა შეასრულოთ. 

ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, გვეუბნებიან, რომ ევროპული პერსპექტივა დიახ, თქვენ იმსახურებთ პერსპექტივას, რომ გახდეთ წევრი ქვეყანა და ასევე აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს ევროკომისია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მთელი რიგი დათქმებით. ანუ პირიქით არის ჩვენს შემთხვევაში, რაც არის გულდასაწყვეტი, რა თმა უნდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა“.