პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებისადმი მიმართვა „მიღწევაზე“ საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ისტორიულია და დოკუმენტში გაჩნდა „ნანატრი ჩანაწერი“.
ოპოზიციიდან, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, რა ჩანაწერს გულისხმობდა, როდესაც ევროკომისიის დოკუმენტზე საუბრობდა. აღნიშნულს, დარბაზში ხმაური მოჰყვა, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენელს მოუწოდა, დაეცვა რეგლამენტი და საშუალება მიეცა პრემიერ-მინისტრისთვის, სიტყვით გამოსულიყო. შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძესაც და ანა წითლიძესაც გაფრთხილება მისცა და დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა, თუ რეგლამენტს არ დაემორჩილებოდნენ.
ამ დროისთვის, სიტუაცია განმუხტულია და პრემიერის მოსმენა გრძელდება.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს პირველ ივნისს წარუდგინა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.