ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო სამომავლოდ ევროკავშირის წევრობას იმსახურებენ. მან ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცახდა, რომ სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს.
„მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის. ვფიქრობ, არსებობს უტყუარი საფრთხეები, რაც შეიძლება, გაყოფას მოჰყვეს. უმრავლესობას ამ პარლამენტში და ევროპულ ინსტიტუციებში სურთ, გაუგზავნონ მკაფიო მესიჯი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩვენ ველოდებით რეალურ ნაბიჯებსა და რეფორმებს. უკრაინა ომშია და ვფიქრობ, ეს მას შედარებით წინ აყენებს, მაგრამ ვისურვებდი ერთნაირ მიდგომას, ჩანაწერს საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით. ზოგადად, ყველა ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ფუნდამენტურ მოთხოვნებსა და პრინციპებს, მაგრამ დღეს სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური ნაბიჯი.
მჯერა, ამ სტატუსს იმსახურებს უკრაინელი ხალხიც, მოლდოველი ხალხიც და ქართველი ხალხიც. იმედი მაქვს, ქართველი პოლიტიკოსები და მთავრობის წარმომადგენლები დაინახავენ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. გააკეთებენ იმას, რაც გასაკეთებელია ფანჯრის დახურვამდე. სამივე ქვეყნის მომავალი უნდა იყოს ევროკავშირში, ისინი იმსახურებენ, იყვნენ აღიარებული მომავალ წევრებად. საბოლოო გაწევრიანება დიდი პროცესია და დღეს ამისთვის არც ერთი ასოცირებული ქვეყანა მზად არაა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, დღეს კანდიდატს სტატუსი არის პოლიტიკური და სიმბოლური სტატუსი“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.