მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა განაცხადა.
„ძალიან მკაფიოა, რომ უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული, კომერციული ხომალდებისთვის უნდა იყოს უსაფრთხო გასასვლელი. გაერთიანებული სამეფო ჩვენს გამოცდილებას გთავაზობთ ყველა ამ ფრონტზე, რომ ვიყოთ დარწმუნებული, გვაქვს შესაბამისი ზომები, რათა მარცვლეული უსაფრთხოდ გავიდეს, მაგრამ ეს საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს.
პუტინი შიმშილს იარაღად იყენებს. დაბლოკა უკრაინის პორტები და აფერხებს 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს მთელს მსოფლიოში და აიძულებს მსოფლიოს გამოსასყიდი გადაიხადოს. კომერციულ გემებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო გასასვლელი, რათა შეძლონ უკრაინის პორტების დატოვება და უკრაინის პორტები დაცული უნდა იყოს რუსეთის თავდასხმებისგან,“- განაცხადა ლიზ ტრასმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.