ურსულა ფონ დერ ლაიენი: ძალიან კარგი დღეა ევროპისთვის. სამივე ქვეყანა ჩვენი ევროპული ოჯახის წევრია

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საშინაო დავალება უნდა შეასრულონ ქვეყნებმა. ლაიენი დარწმუნებულია, რომ ქვეყნები რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებენ ამას, ძალიან აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ განახორციელონ საჭირო რეფორმები.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის აგრესიის ფონზე, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს.

„ეს არის განმსაზღვრელი მომენტი და ძალიან კარგი დღე ევროპისთვის. მე თბილ მილოცვას ვუგზავნი პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს. სამივე ქვეყანა გახლავთ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი, არასდროს არ ყოფილა ამის ეჭვი და დღეს ამას ადასტურებს ლიდერების ისტორიული გადაწყვეტილება, ის აძლევს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და გზას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ამაზე უკეთესი ნიშანი ენთუზიაზმისა უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მოსახლეობისთვის ამ რთულ დროს.

რა თქმა უნდა, საშინაო დავალება უნდა შეასრულონ ქვეყნებმა გაწევრიანების გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებენ ამას, ძალიან აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ შეასრულონ საჭირო რეფორმები. არა იმიტომ, რომ მათ ეს მოეთხოვებათ ევროპასთან მიერთების გზაზე წინ სიარული, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს რეფორმები არის ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის იმიტომ, რომ ის აძლიერებს კონკურენტუნარიანობას სამივე ქვეყანას შორის და საბოლოოდ, ეს არის ძალიან კარგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება გვაძლიერებს ყველას, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსეთის აგრესიის ფონზე და აძლიერებს ევროკავშირს, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, რომ ევროკავშირი არის გაერთიანებული და ძლიერი გარე საფრთხის პირისპირ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

შგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.