ურსულა ფონ დერ ლაიენი: საჭიროა პოლიტიკური ერთიანობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და რეფორმები

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა - ახლა საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით, შემდეგი ნაბიჯები კი, უკვე მიღწევადია.

„საქართველოსთვის ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, ჩემი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის გახლავთ უზარმაზარი სურვილის ხაზგასმა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ეს არის ძალიან ძლიერი სტიმული ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველომ მიიღო პერსპექტივა, ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

 

პირველად არის მიღწეული ეს ეტაპი. თქვენ ძლიერი ეკონომიკა გაქვთ, ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი. ამჟამად საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია: პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით. შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.