NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილა NATO-საქართველოს ურთიერთობები.
„უპირველეს ყოვლისა, არსებული უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო ძლიერს და მჭიდროს ხდის საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობას. ჩვენ გავააქტიურეთ დიალოგი ბოლო თვეებში: საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ მონაწილეობა მიიღეს NATO-ს კოლეგებთან სხვადასხვა შეხვედრაში; პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მაისში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა; და, სამხრეთ კავკასიას აპრილში თავად ვსტუმრობდი. ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ პრაქტიკული თანამშრომლობის ძლიერ დონეს, მარტში ჩატარებული NATO-საქართველოს მესამე ერთობლივი წვრთნით და მრავალი სხვა მიმდინარე აქტივობით NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტის ქოლგის ქვეშ.
უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის და უსაფრთხოებაზე მისი გავლენების საპასუხოდ, მათ შორის შავი ზღვის რეგიონისთვის, მოკავშირეები შეთანხმდნენ, საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარება გააძლიერონ. ჩვენ ამჟამად განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს ეს დახმარება და ველით, რომ მეტი დეტალი გახდება ცნობილი მომავალ კვირას, მადრიდში, NATO-ს სამიტზე.
საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ NATO-ში ინტეგრაცია კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი მიზანია. ჩვენ ველით, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულება. ჩვენი მხრიდან, NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით.
ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა“, - აღნიშნავს ხავიერ კოლომინა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.