ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციაზე კანონი უკრაინიდან რომ დავაკოპიროთ, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, „ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება

სამი თეორიული ვარიანტი ვთქვით. ერთი, რომ შეიძლება, ქართული კანონი დაიწეროს; შეიძლება, უკრინული კანონი დავაკოპიროთ პირდაპირ. დეოლიგარქიზაციაზე კანონი უკრაინიდან რომ დააკოპირონ, ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, „ქართული ოცნების“ მხარეს კი, არავინ მოხვდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„ერთი ვარიანტია, რომ შეიძლება რაღაც ქართული კანონი დაიწეროს, ან პირდაპირ უკრაინული კანონი დავაკოპიროთ, ან არც მივიღოთ არანაირი კანონი, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე დისკუსია არ არის დაწყებული.

კანონი რომ დავაკოპიროთ უკრაინიდან, ამ შემთხვევაში, ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება, მათ შორის არ მოხვდება ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ეს არის რეალობა. თეორიულად შეიძლება ვიმსჯელოთ სამ ვერსიაზე, თუმცა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, უნდა იყოს უფრო ფართო დისკუსია ამ თემაზე“, - განაცხადა კობახიძემ.


შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.