აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ომის შედეგად შექმნილი სასურსათო დაუცველობის მძიმე კრიზისის მიზეზი ახლა არის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ბლოკადა რუსეთის მიერ. ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხსენებული კრიზისის სხვა მიზეზი არ არსებობს.
„ყველგან, სადაც მივდივარ, მთელ მსოფლიოში და ვიცი, რომ ასეა, ჩვენი კოლეგებისთვისაც, გვესმის ღრმა შეშფოთება სასურსათო დაუცველობასთან დაკავშირებით. ეს ადრეც პრობლემა იყო, სამი, ოთხი წლის წინ, დაახლოებით, 100 მილიონი ადამიანი უკიდურესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა მსოფლიოში. ერთი წლის წინ, ამ ადამიანთა რიცხვი 160 მილიონამდე გაიზარდა. ახლა კი, მათ რიცხვს კიდევ 40-50 მილიონი ადამიანი დაემატა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიის გამო.
ასე რომ, კომბინაციას, რომელიც ჩვენ ვნახეთ COVID19-ის და კლიმატის, ახლა ემატება ომის შედეგად შექმნილი სასურსათო დაუცველობის კიდევ უფრო მძიმე კრიზისი. ამის ერთადერთი მიზეზი ახლა არის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ბლოკადა რუსეთის მიერ.
არ არსებობს არანაირი მიზეზი - არავითარი მიზეზი, გარდა რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადისა და რუსეთის მიერ ხშირ შემთხვევაში უარის თქმისა საკუთარი მარცვლეულის ექსპორტზე პოლიტიკური მიზეზების გამო, არ არსებობს სხვა მიზეზი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ამ ყველაფერზე.
შეერთებულ შტატებს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს მოკავშირე, როგორიცაა გერმანია, ასეთი გამოწვევის დროს, რთულ პერიოდში. ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ პრაქტიკულად ყველაფერს, რაც გავლენას ახდენს ჩვენი ხალხის ცხოვრებაზე, და, ასევე, ხალხზე მთელ მსოფლიოში, იქნება ეს სასურსათო დაუცველობა, COVID19, ტექნოლოგია თუ ინოვაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ერთიანნი ვართ საერთო ღირებულებების დასაცავად. ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად. ჩვენ ერთიანები ვართ, როდესაც საქმე ეხება დღევანდელობის დიდ პრობლემებს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა გერმანიაში, საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის დაწყებამდე. ბლინკენი გერმანიაში იმყოფება სასურსათო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე დასასწრებად.
25 ივნისს, ბლინკენი შეუერთდება აშშ-ის პრეზიდენტს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე, საიდანაც ესპანეთში, მადრიდში NATO-ს სამიტისთვის გაემგზავრება.