NATO რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
„პრეზიდენტ პუტინის ომი ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციას იწვევს. ეს არის ცინიკური და დესტრუქციული ქმედება, რის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ხალხი ზარალს განიცდის. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა; მოკავშირეები ბევრს მუშაობენ, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, რათა გადაწყვეტის გზები მოძებნონ“.
მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა 23 ივნისს განაცხადა. დასავლეთი პუტინს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.