პრემიერის განცხადებას დეპოლარიზაციაზე, ოპოზიციაში აფასებენ. „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ „დეპოლარიზაციას დეოლიგარქიზაცია მოიტანს“.
სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც აღარ სჯერათ, რომ ხელისუფლება რაიმეს შესრულებას აპირებს.
„პოლარიზაციის დაძლევას საერთოდ ახალი პოლიტიკური პროცესი სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ხალხს ისტორიული შანსი წაართვა და ახლა აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვართ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე „დეპოლარიზაციისკენ პირველი ნაბიჯად პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას“ ჩათვლიდა.
„თუ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან კვლავ ჯიუტად ხდება ერთი და იგივეს მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად არის, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ, რომ ოლიგარქი არის მთელი ამერიკა და ევროპა, მაგრამ არა ივანიშვილი და რაც ყველაზე სამწუხაროა, არანაირი გეგმა არ შემოუთავაზებიათ ქართველი ხალხისთვის. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელიც დგას პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნამდვილად გადადგებოდა დღეს, როცა ჩააფლავა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოდ თვლის „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია. დეპუტატს „არ სჯერა“ რომ მმართველი გუნდი და „ნაციონალური მოძრაობა“ „ერთმანეთის ლანძღვას შეამცირებენ“.
„მაგალითად, დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოდ არ ჩავთვლი იმას, თუ პოლარიზაციის მთავარ წყაროს, რაც არსებობს, საქართველოს მთავრობა ეცდება, რომ აღმოფხვრას. ასეთი წყაროა 5%-იანი ბარიერი და საარჩევნო ბლოკების არდაშვება. თუ მართლა გვინდა, რომ პოლარიზაცია შევამციროთ, ამისთვის საჭიროა ის გარემოებები აღმოვფხვრათ, რაც მხოლოდ ხელს უწყობს პოლარიზაციას. საქმე იქნება ის, თუ მთავარი წყარო შუღლით და ბოღმით მართვა აღმოიფხვრება. თუ მართლა გვინდა დეპოლარიზაცია, მაშინ საქმიანად უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა ევროკომისიის პირობების შესრულება, თუმცა მოცემული 12 პირობიდან, ყველაზე მთავარი - პოლარიზების დასრულება ერთობლივად განსახორციელებელია. ღარიბაშვილმა „მოუწოდა ოპოზიციას, რომ დააყენოს ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა“: „ერთად შევასრულოთ ეს პირველი პირობა - პოლარიზების დასრულება, რაც არის მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში. პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება, ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, დანარჩენი კი, მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.