უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავენ ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა ევგენ კორნიიჩუკმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ეს გამოწვეულია იმ შეზღუდვით, რომელსაც ისრაელი უკრაინელ ლტოლვილებს უწესებს. გარდა ამისა, ისრაელში შესვლის მსურველი უკრაინის მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზები დაინერგა.
„რუსეთის მოქალაქეები შედიან ისრაელში შეზღუდვების გარეშე. ასევე - ბელორუსის მოქალაქეებიც, ხოლო უკრაინის მოქალაქეებს ეს ელექტრონული ვიზები აქვთ. მეუბნებიან ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროდან და უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან, რომ ეს მიუღებელია. ჩვენ ახლა განვიხილავთ, უნდა შევაჩეროთ თუ არა უვიზო მიმოსვლა ისრაელელებისთვის საპასუხოდ“, - განაცხადა კორნიიჩუკმა.
ელჩის თქმით, ისრაელის ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულების გამო ბოლო პერიოდში ისრაელიდან უკრაინელების სერიოზული გადინება მოხდა.