ირმა ინაშვილი მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსისთვის" მანდატების შეწყვეტას "სამაგალითო დასჯას" უწოდებს

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი მისთვის და მისი 2 თანაპარტიელისთვის საპარლამენტო მანდატების შეჩერებას "ქართული ოცნების" მხრიდან "სამაგალითო დასჯას უწოდებს". ასე გამოეხმაურა ყოფილი დეპუტატი პარლამენტში მათთვის მათივე განცხადების საფუძველზე მანდატების შეჩერების საკითხს.

"ეს [მანდატებზე უარის თქმა] განაპირობა "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების გაყალბებამ და არა იმან, რომ პარლამენტში შესვლა არ გვინდა და არ გვინდოდა საპარლამენტო საქმიანობა... "ქართული ოცნების" მმართველობის სტილი ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლშევიკური მმართველობის პერიოდს. ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა უკვე დააკმაყოფილა "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრის: ირმა ინაშვილის, გოჩა თევდორაძისა და გიორგი ლომიას განცხადება მანდატებზე უარის თქმის შესახებ და მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.