ის, რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შესაბამის დოკუმენტებს საბაჟო სამსახური სწავლობს: „ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ“.
ამასთან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ან დარღვევის არცერთი ფაქტი არ ყოფილა და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. „სურვილი ერთია, რომ ვიღაცას საქართველოში ასეთი პროდუქტების შემოტანა უნდოდეს. რა არის მათი მოტივაცია თავად გაარკვიეთ. საქართველოს სახელმწიფო უწყებები, მოქმედებენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და დღეს საბაჟო ორგანოებს არ მიუციათ თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი თქმით, საბაჟოს თანხმობის გარეშე, ტვირთი პორტს ვერ დატოვებს. „პორტიც კერძო სუბიექტია, ტვირთგადამზიდავიც და ტვირთმფლობელიც . ამიტომ კერძო სუბიექტების სურვილის მიუხედავად საბაჟოს თანხმობის გარეშე ეს ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში და ვერც საბაჟო სივრცეში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.