ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განიცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობას პარლამენტთან ერთად მუშაობა მოუწევს.
“იცით, რომ ასოცირებით განსაზღვრული პირობების და ინდიკატორების შესრულების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა. საკანონმდებლო დაახლოების კუთხით 50%-ზე მეტია განხორციელებული. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ საქართველოში რეფორმები თანმიმდევრულად ხორციელდება და ეს კვლავ გაგრძელდება. დამატებითი პირობები, რომლებიც სამივე ქვეყნის შემთხვევაში ერთნაირად განისაზღვრა ჩვენი მხრიდან აუცილებლად შესრულდება. ამას მთავრობის ხელმძღვანელი უხელმძღვანელებს, თუმცა მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტთან მნიშვნელოვანია. ამ რეფორმების დიდი ნაწილი საკანონმდებლო გადაწყვეტას გულისხმობს. თუ ამას რაიმე ფორმალიზება დასჭირდება, ფორმაზე ჩამოვყალიბდებით”,-აცხადებს დავითაშვილი.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.