ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებს გამოეხმაურა და მას, უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა.
დავითაშვილის თქმით, არახამიამ ბრალდებებზე მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.
„რაც შეეხება ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს, რაც ადრეც მოგვისმენია, წინა შემთხვევებში ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელსაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა, დღესაც იგივეა, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე, თუმცა არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მანამდე, დავით არახამიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. გარდა ამისა, ის აღნიშნავდა, რომ საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
ამის შემდეგ, ჟურნალისტებმა დავითაშვილს ჰკითხეს, ფლობს თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის აქვს უცხოეთში ანგარიშები. დავითაშვილმა კითხვას ასე უპასუხა: „ერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, სხვებზე ვერ ვივარაუდებ, მე პირადად არ გამაჩნია უცხოურ ბანკებში ანგარიშები".