NATO მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
„საქართველო და ევროკავშირი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ალიანსის სამიტში. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე, ტუნისისა და მავრიტანიისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, საქართველოსთვის მოსალოდნელი მხარდამჭერი პაკეტის დამტკიცების შესახებ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ ჯერ კიდევ 23 ივნისს განაცხადა.
რა სისტემა ან ინსტრუმენტი შეიძლება, დაინერგოს საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად გაძლიერებული საფრთხეების პირობებში? როგორ შეიძლება, ალიანსი გადავიდეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, თუნდაც შესაძლოა, განიხილებოდეს რაიმე ახალი ფორმატი? ამ შეკითხვას Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას NATO სამიტზე დაამტკიცებს.
„უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას.
ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე“, - განუცხადა ხავიერ კოლომინამ Europetime-ს.