გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი სვენია შულცე საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ინფორმაციის გერმანიის საელჩო ავრცელებს.
საქართველოში ვიზიტისას 28-30 ივნისს, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და ვიცეპრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან.
გერმანიის საელჩოს ცნობით, მინისტრის ვიზიტისას საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის პროგრამის ფარგლებში ხელი მოეწერება 40 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას და ასევე 3,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას საქართველოში ათობით საჯარო სკოლის ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციისათვის.
იმავე პროგრამის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 12,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის. ამიტომ ხელშეკრულების ხელმოწერას ევროკავშირის ელჩიც დაესწრება.
საგურამოს პროფესიულ კოლეჯსა და შატო მუხრანში ვიზიტის დროს მინისტრი მიიღებს ინფორმაციას საქართველოში დუალური პროფესიული განათლების შესახებ და გაესაუბრება სტუდენტებს.
„განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის 30 წლიან თანამშრომლობას 2022 წელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილი მიღების დროს მინისტრს ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცემა“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.