NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა. შეხვედრისას შვედეთისა და ფინეთის მიერ წარდგენილ გაწევრიანების განაცხადებზე იმსჯელეს.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესახებ ყველა მოკავშირის შეშფოთება უნდა იყოს გათვალისწინებული, თურქეთის შეშფოთება ლეგიტიმურია და მისი მიზეზები უნდა განიხილებოდეს.
„ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ შვედეთს, ფინეთსა და ჩვენს მოკავშირე თურქეთს შორის შეთანხმებაზე, რათა შემდგომ აღმოვფხვრათ უსაფრთხოების საკითხებზე შეშფოთების მიზეზები, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადები NATO-ში გაწევრიანებაზე ისტორიულია და რომ მათი გაწევრიანება გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას.
თავის მხრივ, ანდერსონმა დაამატა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადებმა მიიღო ძალიან ფართო მხარდაჭერა NATO-ს მოკავშირეებისგან.
„შვედეთი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მაგრამ NATO-ში კონსენსუსია საჭირო. ჩვენი დაუცველობა გარე საფრთხეების მიმართ იზრდება, ვიდრე ოფიციალურად არ გავხდებით წევრები. ამ გაურკვევლობის საპასუხოდ, რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნორვეგიამ და დანიამ შვედეთს მკაფიო მხარდაჭერა აღუთქვეს. ამისათვის ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. თურქეთმა წამოაყენა რამდენიმე საკითხი შვედეთისა და ფინეთის განაცხადებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფინეთთან და NATO-სთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს ამ შაბათს. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო კარგი და კონსტრუქციული საუბარი“, - განაცხადა ანდერსონმა.
ანკარა ოფიციალურად ითხოვს:
- შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
- ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის
არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.