აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ თურქეთის შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შეიძლება, მომავალი თვის ბოლოს, ალიანსის ლიდერების სამიტისთვის, სწრაფად გადაიჭრას.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოსთან ერთად, ვაშინგტონში, გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება.
„აშშ სრულად უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას და მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვენები მალე NATO-ს წევრები გახდებიან. მოუთმენლად ველით, შევძლებთ ფინეთს და შვედეთს ჩვენი მოკავშირეები ვუწოდოთ“, - განაცხადა ბლინკენმა. თავის მხრივ, ჰავისტოს თქმით, მისმა ქვეყანამ და შვედეთმა ბოლო დღეებში თურქეთთან „კარგი მოლაპარაკებები“ გამართეს.
შეგახსენებთ, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
ანკარა აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება.
თურქეთი ითხოვს:
- შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
- ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.