აშშ-ის ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებით, ახლა საქართველოსა და უკრაინისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნის დრო არ არის. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეთ სანქცირებული ტვირთის მქონდე გემის ბათუმის პორტში შესვლასა და უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით არახამიას განცხადებებზე, რომ თითქოს, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
კელი დეგნანის განმარტებით, ასეთ საკითხებზე მსჯელობა მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა მიმდინარეობდეს და არა საჯაროდ. ამასთან ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის მსგავსი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ რუსეთს ასარგებლოებს.
„გეთანხმებით, ეს ძალიან სერიზული ბრალდებებია და როგორც ადრეც განვაცხადე, ვფიქრობ, ასეთი სახის მსჯელობა, მთავრობებს შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა მედიის მეშვეობით, მედიისთვის საწყენად არ ვამბობ. მაგრამ ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთს უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული, მთავრობებს შორის უნდა განიხილებოდეს. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უპასუხა ამ ბრალდებებს, რომ ბატონ არახამიას არ წამოუდგენია მტკიცებულებები. მე მოვუწოდებდი მათ, ეს საკითხები დიპლომატიური არხებით განიხილონ და შეწვიტონ საჯარო განხილვა, ვინაიდან საქართველო-უკრაინას შორის ამ საკითხებზე გაცვლა-გამოცვლით სარგებობს მხოლოდ რუსეთი. უკრაინა თითოეული ქალაქისთვის, თითუეული სიცოცხლისთვის იბრძვის და საქართველოსა და უკრაინისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნის დრო ახლა არ არის, ახლა ამ ქვეყნების გაერთიანების დროა ორივე ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩი USAID-სა და სახალხო დამცველის ოფისს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების ღონისძიებას ესწრებოდა.
27 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, თუმცა აღნიშნა, რომ საბაჟო სამსახურს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია. მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც იუწყებოდა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს.
ინფორმაცია ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დატვირთული იყო რუსული კომპანია „როსნეფტის" 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით, კვირას, „მთავარმა არხმა" გაავრცელა. ამას მოჰყვა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას კომენტარი, რომ, „აშშ-ში მათი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი შეეხებოდა მოკავშირეებისთვის იმ სქემების შესახებ ინფორმირებას, რომლითაც მისი თქმით, რუსები სარგებლობენ სანქციებისგან თავის ასარიდებლად. არახამიას თქმით, ერთ-ერთი ასეთი საქართველოს იურისდიქციის გამოყენებაა. ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ განცხადებებს გამოეხმაურა და მას, უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა.