დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და მის ლიდერებთან არავითარი ღირებულებითი აზრთასხვადასხვაობა არ აქვს. „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ, ხუნდაძემ განაცხადა, რომ პარტიაში ყველაფერზე თანხმდებიან, გარდა ერთი საკითხისა, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე.
„ჩავთვალე ამ ეტაპზე, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრდასხვადასხვაობა არ გვაქვს. პრაქტიკულად, ყველა თემაზე ვთანხმდებით, გარდა ერთისა - ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე, ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი.
დღეს მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკურ ველზე, ამ რეალობაში. ამიტომ, საკითხებზე, რომლებიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომლებიც კულისებში იხილება, ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ამიტომ, ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და იმ ინფორმაციას, რაც მათ დღეს არ აქვთ, ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, - აღნიშავს დიმიტრი ხუნდაძე.
თავის მხრივ, პარლამენტის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ ექნებათ მეტი საშუალება, საზოგადოებას სიმართლე მიაწოდონ ისე, რომ ამით „ქართული ოცნება" არ დააზიანონ“.
„ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია, უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ „ქართული ოცნება“. არის საკითხები, რომლებიც გაჟღერდება ხვალ, ამ საკითხებზეც გვექნება მსჯელობა, მივაწოდებთ, რომ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და რა მდგომარეობაა, რომ გვქონდეს საერთო აზრი, მით უმეტეს ჩვენს ამომრჩეველთან.
რიგ საკითხებში მანამდეც გვქონდა დისკომფორტი, რომ საჭიროა, მეტი ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ, მაგალითად, არის უამრავი თემა, ამ 12 პუნქტთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან ურთიერთობები... ჩვენ გვექნება თავისუფლება, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ. ეს ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ გაახმაურა.
ინფორმაციისთვის, სოზარ სუბარი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარეა; დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ ყაველაშვილი კი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე.
მათ მიერ მმართველი გუნდის დატოვების შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში" 81 დეპუტატი რჩება. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.