რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.

1) 28 ივნისს, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლები, NATO-ს გენერალური მდივნის შუამავლობით, შეთანხმდნენ შემდეგზე:

2) NATO არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია კოლექტიური თავდაცვის პრინციპებსა და უსაფრთხოების განუყოფლობაზე, ასევე, საერთო ღირებულებებზე. თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ვაშინგტონის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ.

3) ალიანსისთვის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ურყევი სოლიდარობა და თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში, მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოკავშირეების ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე, საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

4) როგორც NATO-ს პერსპექტიული მოკავშირეები, ფინეთი და შვედეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ თურქეთს, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მიზნით, ფინეთი და შვედეთი არ დაუჭერენ მხარს YPG/PYD-ს და ორგანიზაციას, რომელსაც თურქეთში FETO ("ფეთულაჰისტური ტერორისტული ორგანიზაცია")უწოდებენ. თურქეთი ასევე სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფინეთსა და შვედეთს მათი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ. ფინეთი და შვედეთი უარყოფენ და მკაცრად გმობენ ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით, ფინეთი და შვედეთი ცალსახად გმობენ ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს თურქეთის წინააღმდეგ და გამოხატავენ ღრმა სოლიდარობას თურქეთისა და დაღუპულთა ოჯახების მიმართ.

5) ფინეთი და შვედეთი ადასტურებენ, რომ PKK არის აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია. ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, აღკვეთონ PKK-ის და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა და მათი გაფართოება, ისევე ამ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი პირების და ქსელების ქმედებები. თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ თანამშრომლობა ამ ტერორისტული დაჯგუფებების აქტივობის თავიდან ასაცილებლად. ფინეთი და შვედეთი უარყოფენ ამ ტერორისტული ორგანიზაციების მიზნებს.

6) გარდა ამისა, ფინეთი მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე ბოლო ცვლილებაზე, რომლითაც ახალი აქტები შევიდა ძალაში. კერძოდ, 2022 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ბოლო ცვლილებები, რომლითაც ტერორისტული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის ფარგლები გაფართოვდა. ამავდროულად, ტერორისტულ დანაშაულებთან დაკავშირებული საჯარო წაქეზება კრიმინალიზებული გახდა, როგორც ცალკეული დანაშაული. შვედეთი ადასტურებს, რომ ახალი, უფრო მკაცრი, ტერორისტული დანაშაულების შესახებ კანონი ძალაში შედის პირველ ივლისს და რომ მთავრობა ანტიტერორისტულ კანონმდებლობას გააამკაცრებს.

7) თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ადასტურებენ, რომ  შეიარაღებაზე ეროვნული ემბარგო არ არსებობს. შვედეთი ცვლის შეიარაღების ექსპორტის ეროვნულ მარეგულირებელ ჩარჩოს NATO-ს მოკავშირეებთან მიმართებით. სამომავლოდ, თავდაცვის ექსპორტი ფინეთიდან და შვედეთიდან განხორციელდება ალიანსის სოლიდარობის, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-3 მუხლის სულისკვეთების შესაბამისად.

8) დღეს თურქეთი, ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას შემდეგი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე:


• ერთობლივი, სტრუქტურირებული დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბება ხელისუფლების ყველა დონეზე, ასევე, სამართალდამცავ ორგანოებსა და სადაზვერვო სააგენტოებს შორის, გააძლიერებენ თანამშრომლობას ტერორიზმის ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საერთო გამოწვევების წინააღმდეგ, როგორც ამას ისინი გადაწყვეტენ.


• ტერორიზმთან ბრძოლას ფინეთი და შვედეთი განსაზღვრავენ დებულებებისა და NATO-ს პოლიტიკის შესაბამისად და გადადგამენ ყველა საჭირო ნაბიჯს ამ მიზნით შემდგომი შიდა კანონმდებლობის გამკაცრებისთვის.

 

• ფინეთი და შვედეთი განიხილავენ თურქეთის მოსალოდნელ დეპორტაციას ან ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ექსტრადიციის მოთხოვნას დაჩქარებული და საფუძვლიანად. მხედველობაში მიიღებენ თურქეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მტკიცებულებებს, დაზვერვის მონაცემებს და აუცილებელი ორმხრივი სამართლებრივი ჩარჩოების შექმნით ხელს შეუწყობენ ექსტრადიციას და უსაფრთხოების თანამშრომლობას თურქეთთან ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად.

 

• ფინეთი და შვედეთი გამოიძიებენ და აკრძალავენ PKK-ის და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსებას და მათი გაფართოებას, მათ შორის შვილობილი ორგანიზაციების, ჯგუფების ან ქსელების, როგორც ეს აღწერილია მე-5 პუნქტში.


• თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ვალდებულნი არიან, ებრძოლონ დეზინფორმაციას და არ დაუშვან მათი შიდა კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება ან ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა, მათ შორის ისეთი ქმედებებით, რომლებიც თურქეთის წინააღმდეგ ძალადობას წაახალისებს. 

 

• ფინეთი და შვედეთი უზრუნველყოფენ, რომ იარაღის ექსპორტის მარეგულირებელი ჩარჩოები მოკავშირეების წინაშე ახალი ვალდებულებების აღების საშუალებას იძლევა და ასახავს მათ, როგორც NATO-ს წევრის სტატუსს.


• ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ თურქეთისა და სხვა ევროკავშირის არაწევრი მოკავშირეების მაქსიმალურად სრულ ჩართულობას არსებულ და ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პერსპექტიული ინიციატივებში, მათ შორის თურქეთის მონაწილეობას PESCO-ს სამხედრო მობილობის პროექტში.

9) ამ ნაბიჯების განსახორციელებლად, თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შექმნიან მუდმივ ერთობლივ მექანიზმს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ექსპერტების მონაწილეობით, ასევე, დაზვერვის სამსახურებიდან და უსაფრთხოების ინსტიტუტებიდან ექსპერტების მონაწილეობით. მუდმივი ერთობლივი მექანიზმი ღია იქნება სხვებისთვისაც.

10) თურქეთი ადასტურებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მრავალწლიან მხარდაჭერას და თანახმაა, მხარი დაუჭიროს 2022 მადრიდის სამიტზე, ფინეთისა და შვედეთის NATO-ს წევრებად მოწვევას.


ამავე თემაზე