BBC-ის ცნობით, თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტოს, შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდელენა ანდერსონის და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ოთხმხრივი შეხვედრა მადრიდში, NATO-ს სამიტის დაწყებამდე გაიმართა.
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ გარღვევა მოხდა მას შემდეგ, რაც „სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს ერთმანეთის უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის გასამყარებლად".
მემორანდუმი დასტურებს, რომ მადრიდის NATO-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას.
„დღეს მადრიდში, NATO-ს სამიტის დაწყებამდე, შეხვედრა გვქონდა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ, მაგდალენა ანდერსონთან, NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შუამავლობით. ამ შეხვედრის შედეგად ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთი ამ კვირაში მადრიდის სამიტზე მხარს დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის მოწვევას ალიანსში. კონკრეტულ ნაბიჯებზე NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდებიან მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია.
ჩვენ გავხდებით NATO-ს მოკავშირეები და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ვალდებულებას. ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა. ფინეთი მუდმივად სერიოზულად ეკიდებოდა ამ შეშფოთებას. ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი სრულად დაიცავს NATO-ს დოკუმენტებსა და პოლიტიკას კონტრტერორიზმის შესახებ.
როდესაც ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ, იარაღის ექსპორტისა და ექსტრადიციების საკითხებში, ბუნებრივია, ფინეთი აგრძელებს მუშაობას თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მოხარული ვარ, რომ დავასრულეთ ეს ეტაპი NATO-ში ფინეთის წევრობის გზაზე. ახლა მოუთმენლად ველი ნაყოფიერ საუბრებს NATO-ში ფინეთის როლზე ჩვენს მომავალ მოკავშირეებთან აქ, მადრიდში“, - აღნიშნულია ფინეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
„მე მტკიცედ მივესალმები ამ სამმხრივი მემორანდუმის ხელმოწერას და მტკიცედ მივესალმები კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც სამივე ქვეყანამ გამოიჩინა მოლაპარაკებების დროს. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება კარგია ფინეთისა და შვედეთისთვის, კარგია NATO-სთვის და კარგია ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
სამიტამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესახებ ყველა მოკავშირის შეშფოთება უნდა იყოს გათვალისწინებული, თურქეთის შეშფოთება ლეგიტიმურია და მისი მიზეზები უნდა განიხილებოდეს.
ანკარა ოფიციალურად ითხოვდა:
- შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
- ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის
არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.