სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას

  • თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს და შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის შეხვედრა მადრიდში, სამშაბათს (2022 წლის 28 ივნისს), NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შუამავლობით.
ამ შეხვედრაზე ლიდერები შეთანხმდნენ სამმხრივ მემორანდუმზე, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებზე თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, რაც გზას გაუხსნის ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - თურქეთიდან - მევლუთ ჩავუშოღლუმ, ფინეთიდან - პეკა ჰაავისტომ და შვედეთიდან - ენ ლინდემ, სამივე სახელმწიფოს ლიდერის და გენერალური მდივნის თანდასწრებით.

თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმდ მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის შეფასებით, NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიული წარმატებას მიაღწია.

ჩვენ ახლახან დავასრულეთ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, პრეზიდენტ ნიინისტოსთან და პრემიერ-მინისტრ ანდერსონთან. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეხება თურქეთის შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, მათ შორის იარაღის ექსპორტისა და ტერორიზმთან ბრძოლის გარშემო.

არცერთ მოკავშირეს არ განუცდია უფრო სასტიკი ტერორისტული თავდასხმები, ვიდრე თურქეთს, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის, PKK-ის მხრიდან. თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, სრულად დაუჭირონ მხარი თურქეთს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ.

ეს მოიცავს მათი შიდა კანონმდებლობის შემდგომ შესწორებებს, PKK-ის საქმიანობის ჩახშობას; ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების გაფორმებას თურქეთთან. ჩვენ მიერ ერთად მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას NATO-ში. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ერდოღანს, პრეზიდენტ ნიინისტოს და პრემიერ-მინისტრ ანდერსონს დღევანდელი მოლაპარაკებების კონსტრუქციული სულისკვეთებისთვის. NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიულ წარმატებას მიაღწია.

ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღება მათ უფრო უსაფრთხოს, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვაწყდებით უსაფრთხოების უდიდეს კრიზისს ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.