კელი დეგნანი: საქართველოს მთავრობას შეუძლია, სწრაფად იმოქმედოს, როდესაც მას ეს სურს

ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია, სწრაფად განახორციელოს კანონმდებლობა, სწრაფად მიიღოს კანონები. აშშ მზად არის, ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს ​საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

„ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია, იმოქმედოს სწრაფად, როდესაც სურს კანონმდებლობის მიღება, ჩვენ ვნახეთ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ასევე, სხვადასხვა კანონის დაჩქარებული წესით მიღება, ასევე ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია, სწრაფად მოქმედება, როდესაც ეს სურს და ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ამ რეფორმების სწრაფად განხორციელება, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

აშშ მზადაა და გამოხატავს სურვილს, ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს ამ პროცესში. მომდევნო ექვსი თქვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა დასაწყებად, დასაკარგი დრო არ არის, არის ბევრი დაინტერესებული მხარე, ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები, ასევე, მთავრობის ზოგი წევრი, რომელიც მზადაა ამ რეკომენდაციების განხორციელება დაიწყოს, ყველას სურს საქართველოს შესახებ დადებითი ანგარიშის მოსმენა", - განაცხადა კელი დეგნანმა.


ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.