პრემიერ-მინისტრი შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მაგდალენა ანდერსონთან გამართა შეხვედრა. განსახილველ საკითხთა შორის ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და  საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
 
ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს. საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.