მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა

NATO-ს სამიტის ფარგლებში, სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიტიკული დროა ევროპის უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

„NATO არის თავდაცვითი ალიანსი და არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. NATO რჩება ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფუნდამენტად და მოკავშირეებს შორის უსაფრთხოების შესაებ კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების აუცილებელ პლატფორმად.

ჩვენი ვალდებულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მიმართა, მე-5 მუხლის ჩათვლით, ურყევია, უსაფრთხოების ამ რადიკალურად შეცვლილ გარემოში, ეს სამიტი ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და მისი ადაპტაციის დაჩქარების ეტაპს ასახავს“, - ვკითხულობთ დეკლარაციის ტექსტში.

რაც შეეხება საქართველოს ნაწილს, დოკუმენტში ნათქვამია შემდეგი:

„ჩვენ აქ მადრიდში შევხვდით NATO-ს ბევრ პარტნიორს. ჩვენ გვქონდა აზრთა ღირებული გაცვლები ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან, ასევე, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებთან. ჩვენ მივესალმებით იორდანიის და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე, ბოსნია და ჰერცეგოვინის თავდაცვის მინისტრს.

ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის“, - აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელიც NATO-ს პრესსამსახურმა Europetime-ს მიაწოდა.

მე-18 პუნქტში საუბარია ღია კარის პოლიტიკაზე.

„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე. ალიანსში გაწევრიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ლეგიტიმური შეშფოთება სათანადოდ იყოს განხილული.

ჩვენ მივესალმებით სამმხრივი მემორანდუმის დადებას თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის ამ მიზნით. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მათ შორის გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში.