ფრაქცია „ხალხის მსახურის" ხელმძღვანელმა დავით არახამიამ Virgin Galactic-ის დამფუძნებელ, ბიზნესმენ რიჩარდ ბრენსონთან ახალი Mriya თვითმფრინავის აგების საკითხი და კოსმოსურ სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
„ჩვენი An-225 Mriya არის მსოფლიო ლეგენდა და უკრაინის ერთ-ერთი სიმბოლო... ამიტომ, ჩვენ უკვე ვმუშაობთ პროექტზე ახალი თვითმფრინავის ასაშენებლად, რომელიც ომის შემდეგ კიდევ ბევრ რეკორდს დაამყარებს“, განაცხადა არახამიამ უკრაინული მედიის ცნობით.
„ბრენსონმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს პროექტის განხორციელებას, სასიამოვნოდ გაოგნებული იყო ჩვენი ოპტიმიზმით და იმით, რომ ასეთ რთულ დროსაც კი ვფიქრობთ, როგორ წავიწიოთ წინ“, - აღნიშნავს არახამია.
ბრენსონი კიევის ოლქის ქალაქ ჰოსტომელს ეწვია, სადაც ანტონოვის სახელმწიფო საწარმოს აეროდრომს, მისი განახლების შესაძლებლობებს გაეცნო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს განაცხადა, რომ კიდევი კიდევ ერთი MRIYA თვითმფრინავის შექმნას გეგმავს და პროექტს მარიუპოლის თავდაცვის დროს დაღუპული პილოტების ხსოვნას მიუძღვნის. მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი MRIYA 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ჰოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლების დროს განადგურდა. An-225 MRIYA არის საავიაციო გიგანტი, რომელსაც ყველაზე მეტი კომერციული ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ეს არის ავიაციის ისტორიაში ყველაზე გრძელი თვითმფრინავი.