„რუსეთი იყო ის, ვინც ცდილობდა ქართული ენის განადგურებას, რუსეთი იყო ის, ვინც შეურაცხყო ეკლესიები, რომელსაც შემდგომ ცხოველთა სადგომებად იყენებდნენ“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს.
ეს იყო პუტინი, რომელმაც წამოიწყო ეს აგრესიული და ძალადობრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სწორედ პუტინს შეუძლია მისი შეჩერება. აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები, რომლებმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთია, ვისაც თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთია, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება. რუსეთია, ვინც თქვენი ეკლესიები წაბილწა და გამოიყენა ისინი ცხოველთა სადგომებად. თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ნახავთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.