კელი დეგნანი: ომში ჩათრევის შესახებ ნარატივი FSB-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა

როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ის არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩმა თავდაპირველად, NATO-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

„საქართველო NATO-ს ძლიერი პარტნიორია. ეს გამოჩნდა იმ მაღალი დონის დელეგაციითაც, რომელიც საქართველოდან მადრიდის სამიტს დაესწრო. ამ სამიტზე გამოჩნდა ისიც, რამდენად ძლიერია ალიანსის ერთობა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სასტიკი ომის წინაშე. ეს იყო დადასტურება NATO-ს მიზნებისა, რომელიც თავდაცვითი ალიანსია და ემსახურება მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ევროპაში და მის მიღმა. ბევრი რეფორმა პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვისაა მოთხოვნილი. ამ რეფორმების შესრულება წაადგება NATO-ში ინტეგრაციის პროცესსაც, რადგან იგივე პოლიტიკური, დემოკრატიული რეფორმებია მოთხოვნილი. უნდა გვახსოვდეს, რომ NATO არის პოლიტიკური სამხედრო ალიანსი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური სტანდარტები. აშშ და მისი მოკავშირეებს მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს იმ პროგრესის მიღწევაში, რაც წევრობისთვის დაეხმარება.

როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს.

ეს იყო პუტინი, რომელმაც წამოიწყო ეს აგრესიული და ძალადობრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სწორედ პუტინს შეუძლია მისი შეჩერება. აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები, რომლებმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთს  საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.

რუსეთია ის, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება, რუსეთია, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები და გამოიყენა ისინი ცხოველების სადგომებად. თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ნახავთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

„მე ეფესბეს სახელმძღვანელო წაკითხული არ მაქვს. არ ვიცი, ვის რა აქვს წაკითხული", - განუცხადა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც კელი დეგნანის კომენტარის შეფასება სთხოვეს.