იენს სტოლტენბერგი: თუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში და ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს მთავარი პასუხისმგებლობა: დარწმუნდეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის გონებასა და აღქმებში არ იყოს რაიმე გაუგებრობები, რომ თუ ისინი გააკეთებენ ისეთ რამეს, როგორიც რუსეთმა გააკეთა საქართველოში 2008 წელს ან ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს უსწრაფეს პასუხს მთელი ალიანსისგან. 

დისკუსიებიდან გამომდინარე, გაქვთ თუ არა განცდა, რომ არსებობს კონსენსუსი და ერთიანობა იმის შესახებ, თუ რა არის წითელი ხაზები, რომლებიც რუსეთმა არ უნდა გადაკვეთოს პირდაპირი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად? - ამ შეკითხვით მიმართა სტოლტენბერგს ჟურნალისტმა.


„ჩვენ უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში - მსოფლიოში, სადაც რეალურად მიმდინარეობს ომი ევროპაში, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით, რომლებიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს.

ვხედავთ უკრაინელი ხალხის ტანჯვას. ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ და პატივს მივაგებთ მათ მამაცობას, ვაჟკაცობას. ჩვენ ასევე გადავეცით ეს მესიჯი პრეზიდენტ ზელენსკის სამიტზე გამოსვლისას. ამავე დროს, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს ვითარება შეიძლება, გაუარესდეს.

თუ ეს გადაიზრდება სრულმასშტაბიანი ომში რუსეთსა და NATO-ს შორის, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ტანჯვას, ზარალს, სიკვდილს, ნგრევას იმ მასშტაბით, რაც გაცილებით უარესია, ვიდრე დღეს უკრაინაში ვხედავთ ამას. ამიტომ NATO-ს ორი ამოცანა ფუნდამენტური ამოცანა აქვს. ერთი არის უკრაინის მხარდაჭერა. NATO და NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას.

ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას და ამ სამიტზე შევთანხმდით პაკეტზე. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ NATO არ არის ადგილზე ამ კონფლიქტის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უაღრესად ფასეულ პარტნიორს, უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ კონფლიქტის ნაწილი.

რატომ გავზარდეთ ასე მნიშვნელოვნად ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში - 40000-ზე მეტი ჯარისკაცით NATO-ს უშუალო მეთაურობით  - რათა მოვხსნათ ნებისმიერი ვარაუდი არასწორი გათვლებისთვის, NATO დაიცავს მისი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს.

ეს არის NATO-ს მთავარი პასუხისმგებლობა: დარწმუნდეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის გონებასა და აღქმებში არ იყოს რაიმე გაუგებრობები, რომ თუ ისინი გააკეთებენ ისეთ რამეს, როგორიც რუსეთმა გააკეთა საქართველოში 2008 წელს ან ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს უსწრაფეს პასუხს მთელი ალიანსისგან.  ეს არის მთავარი მესიჯი. ჩვენ ვიცავთ მშვიდობას NATO-ს მოკავშირეებისთვის, დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანისათვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.