- მადრიდის სამიტი ისტორიული გადაწყვეტილებით სრულდება
- NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა
- დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია, მიღებულია დეკლარაცია
- გაძლიერდა პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა
- პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებებით, ალიანსი გააგრძელებს მშვიდობის შენარჩუნებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას, ხალხის და ღირებულებების დაცვას. „ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, ერთად დგანან“, - ასეთია ალიანსის გზავნილი. სტოლტენბერგმა ისტორიული სამიტის შედეგები და გადაწყვეტილებები შეაჯამა.
„ჩვენ შევთანხმდით ფუნდამენტურ ცვლილებაზე შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში. შევთანხმდით, რომ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ჩვენს ალიანსში გასაწევრიანებლად.
შევთანხმდით უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე.
ასევე - NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. შევთანხმდით, რომ გავძლიერდეთ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, უნდა შეიქმნას ახალი ინოვაციების ფონდი. ჩვენ შევთანხმდით NATO-ში მეტ ინვესტირებაზე და NATO-ს ბიუჯეტის გაზრდაზე; ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობა ალიანსის ზოგიერთ უახლოეს პარტნიორთან, განსაკუთრებით, ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებში.
ჩვენი ბოლო სესია მადრიდის სამიტზე ფოკუსირებული იყო ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და საჰელის საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ამ რეგიონებში დაუცველობა პირდაპირ გავლენას ახდენს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებაზე. ჩვენი ახალი სტრატეგიული კონცეფცია ტერორიზმს ჩვენი უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს.
პირველად, ჩვენ ახლახან შევთანხმდით მავრიტანიისთვის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პაკეტზე. ჩვენ ასევე შევთანხმდით ტუნისისთვის დამატებითი შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერაზე, ასევე, იორდანიის მხარდაჭერაზე.
ჩვენ ასევე შევეხეთ გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირდაპირი შედეგია. მისი გავლენები მძიმეა. მათ შორის მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე დაუცველ ადამიანზე.
სურსათზე ფასები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ბევრი ქვეყანა უკრაინაზეა დამოკიდებული ხორბლისა და სხვა საკვების მნიშვნელოვანი იმპორტისთვის. ასე რომ, მოკავშირეებმა განიხილეს თავიანთი ძალისხმევა კრიზისის შესამსუბუქებლად.
ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ როგორ აგრძელებენ რუსეთი და ჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სარგებლის ძიებას ჩვენს სამხრეთ სამეზობლოში. მოსკოვიც და პეკინიც იყენებენ ეკონომიკურ ბერკეტს, იძულებას და ჰიბრიდულ მიდგომებს რეგიონში თავიანთი ინტერესების წინსვლისთვის. ამრიგად, დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს მზარდი გამოწვევა, მათ შორის NATO-ს პარტნიორების კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით რეგიონში.
ჩვენ ვაწყდებით უსაფრთხოების ყველაზე სერიოზულ გამოწვევას ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ მას ვუპასუხებთ ერთიანობით და გადაწყვეტილებით. მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ალიანსი გააგრძელებს მშვიდობის შენარჩუნებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას და ჩვენი ხალხის და ჩვენი ღირებულებების დაცვას. ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, ერთად დგანან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდნენ ფუნდამენტურ ცვლილებაზე NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, გაძლიერებული თავდაცვითი და საბრძოლო ჯგუფები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობის გაზრდა 300 000-მდე - ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც ალიანსის ისტორიულ სამიტზე მიიღეს.
მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე, გაძლიერებული ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის დამტკიცებით.
ლიდერებმა მხარი დაუჭირეს NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ალიანსის გეგმას უფრო საშიშ და კონკურენტულ სამყაროში. ის ასახავს NATO-ს მიდგომას რუსეთისა და სხვა საფრთხეების მიმართ, მათ შორის ტერორიზმის, კიბერ და ჰიბრიდული გამოწვევების მიმართ. პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით შემდგომ ნაბიჯებზე, მათ შორის სათბურის გაზების ემისიების შემცირებასა და 2050 წლისთვის ნულოვან ნუშნულამდე დაყვანაზე.