ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების სავაჭრო ჰაბის შექმნას განიხილავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ თოყაევმა აშხაბადში, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ხელმძღვანელების მე-6 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყაზახეთს აქვს პოტენციალი გაზარდოს ხორცისა და რძის პროდუქტების ექსპორტი. ჩვენს სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ურთიერთქმედების გასაძლიერებლად აუცილებელია თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თანმიმდევრული განვითარება. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს შექმნას კასპიის სავაჭრო ჰაბი, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორებს მინიმალური დანახარჯებით ორმხრივი ვაჭრობა გაზარდონ“, - განაცხადა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.
თოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთში დაიწყო თანამედროვე საბითუმო-სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა, ტექნოლოგიურად განვითარებული კვების პროდუქტების შენახვისა და რეალიზაციის სისტემით.
„ამ ცენტრების სისტემურმა ინტეგრაციამ კასპიის სავაჭრო ჰაბთან შეიძლება გახსნას ახალი შესაძლებლობები ეფექტური თანამშრომლობისთვის - ფერმერებს, მყიდველებს, გადამზიდველებს, გამყიდველებსა და მომხმარებლებს შორის და რაც მთავარია, ის უზრუნველყოფს ყველა მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საიმედო გარანტიებს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.