დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში Covid-19-ით რეინფიცირების 10-მდე შესაძლო შემთხვევის სამეცნიერო შესწავლა მიმდინარეობს.
ამის შესახებ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვსწავლობთ რამოდენიმე ასეთ შემთხვევას, მოძიებულია ამ პაციენტების გენეტიკური მასალა. შესწავლილი უნდა იქნას ორივე დადებითი ნიმუშის გენეტიკური სეკვენსები იმისთვის, რომ რეინფიცირება გამოვლინდეს. ეს ადვილი საქმე არაა, მსოფლიოში სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. ამას სჭირდება სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც დამყარებული უნდა იყოს ვირუსის გენეტიკურ შესწავლაზე. გადარჩეულია დაახლოებით 10-მდე შემთხვევა”,- აღნიშნა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.