ბულგარეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ დეკლარაციას, თუმცა დოკუმენტის პრეამბულასთან დაკავშირებით შენიშვნა გამოთქვა.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ქვეყანამ დეკლარაციას მხარი დაუჭირა, თუმცა პრეამბულის ფორმულირებასთან დაკავშირებით დათქმა ჰქონდა. ბულგარეთი მიიჩნევდა, რომ დოკუმენტში უნდა ასახულიყო უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარე პროცესი, მათ შორის აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები.
საუბარია ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის 12 ნოემბრის სამიტზე წარმოდგენილ ევროპული უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციაზე. რადევმა დეკლარაციის პრეამბულასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები გამოთქვა და მოითხოვა, რომ პოლიტიკური გზავნილები უკრაინაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ეტაპს მორგებოდა. შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ბულგარეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც დეკლარაციას ხელი არ მოაწერა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას მოლაპარაკებების გზით; ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს აბუ-დაბიში, შეერთებული შტატების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ახალი რაუნდი. დოკუმენტის პრეამბულაში საუბარია „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ, სრულმასშტაბიან აგრესიასა და ევროპის სტაბილურობისთვის მზარდ საფრთხეებზე.“
დეკლარაციის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც საფრანგეთმა მოამზადა, ეწერა, რომ აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია მშვიდობისკენ და ევროპამ ამ პროცესს მხარი უნდა დაუჭიროს.
საბოლოო ტექსტიდან ეს ჩანაწერი ამოიღეს. ბულგარეთი მოითხოვდა მის დაბრუნებას, რადგან მიიჩნევდა, რომ ევროპულ დოკუმენტებში მიმდინარე მოლაპარაკებები უნდა ასახულიყო და არ უნდა შეზღუდულიყო დიპლომატიური დიალოგის შესაძლებლობა.