საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გალის სამსახურის ხელმძღვანელმა ემირ ეზუხბაიას განაცხადებით, გალის რაიონში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
„ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. მის მასშტაბებსა და ფართობზე ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით უცნობია, რა ტერიტორია დაიწვა. დღეს შეიქმნება კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს და ხვალ ან ზეგ ცნობილი გახდება”, - აღნიშნა ეზუხბაიამ.
მის თქმით, ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა, თუმცა არავინ დაშავებულა. ეზუხბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 50-მდე მეხანძრე მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული გალის რაიონში ტყის ხანძარი 4 იანვრის დილას გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ახლომდებარე სახლებსაც მოედო, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.