აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა, შესაძლოა, 2028 წლის ბოლოსთვის მოხდეს.
ალიევის თქმით, სხვა რეგიონულ პროექტებთან ერთად, ზანგეზურის დერეფნის პროექტს ასევე უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
„აზერბაიჯანში გზებისა და რკინიგზის ყველა სამშენებლო სამუშაო მომავალი წლის შუა რიცხვებამდე დასრულდება. სხვა ქვეყნებშიც, ვიმედოვნებთ, ეს ყველაფერი ამავე სისწრაფით განხორციელდება და ამ შემთხვევაში ზანგეზურის დერეფნის გახსნა, შესაძლოა, 2028 წლის ბოლოსთვის მოხდეს,“ – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ილჰამ ალიევის თქმით, აგვისტოში ვაშინგტონის სამიტის ერთ-ერთი მიღწევაა TRIPP-ს პროექტი („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“).
ალიევის განცხადებით, პრეზიდენტმა ტრამპმა ამ პროექტს თავისი სახელი დაარქვა, რაც, ბუნებრივია, ნიშნავს, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება.
„ეს შუა დერეფნის კიდევ ერთ მარშრუტს ხსნის. ტრადიციულის გარდა, კიდევ ერთი ჩნდება – ზანგეზურის გავლით, 15 მილიონი ტონა ტვირთბრუნვით, რაც შეესაბამება ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს. ამგვარად, აზიიდან ევროპაში და უკან ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების გავლით ტვირთების მოცულობას თავისთავად აქვს ზრდის პოტენციალი, მაგრამ ასევე კიდევ უფრო დიდი პოტენციალი ექნება მიღებისა და გაგზავნისთვის,“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.